Tuesday, December 7, 2010

სვეტიცხოვლის კომპლექსი

არქიტექტურულ, ისტორიულ, არქეოლოგ, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. მოქმედი საკათედრო ტაძარი მდებარეობს ქ. მცხეთის ცენტრში.  სვეტიცხოვლის კომპლექსში შედის: ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები.
ლეგენდის მიხედვით მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, კვართი უფლისაი" შეუძენია და ჩამოუტანია მცხეთაში. აქ  
ქალაქის ბჭესთან ელიოზს დახვედრია მისი და სიდონია - ქრისტეს მიერ ნაქადაგევი სარწმუნოების მიმდევარი. სიდონიას ძმისთვის პერანგი გამოუტაცია და იქვე სული განუტევებია. რაკი ქრისტეს პერანგი მისთვის ხელიდან ვერ წაურთმევიათ, პერანგიანად დაუმარხავთ. სიდონიას საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. მას შემდეგ, რაც IVს. 30-იან წლებში ქართლის მეფემ მირიანმა ნინოს მიერ ნაქადაგევი ახალი რელიგია - ქრისტიანობა, ბრზანა სიდონიას საფლავზე ეკლესიის აგება. მოკვეთეს დიდი კედარი და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. დაიწყეს მშენებლობა. ექვსი სვეტი აღმართეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე ჰაერში ჩამოეკიდა და ვერ დაძრეს ადგილიდან. ნინოს მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში გაუთენებია, დილით მომხდარი "სასწაული" - "სვეტი ძირთავე მისთა ზედა დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხებლად ხელისაგან კაცთასა". სვეტი გაფოთლილა და მისგან დენა დაუწყია მირონს, რომელიც "მსწრაფლ კურნავდა" სნეულთ. სვეტს უწოდეს "სვეტ ცხოველი" - სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაზრის სახელწოდებაც.
Vს. დასასრულს, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად, ააგეს ხის ბაზილიკური ეკლესია, რომელმაც XI ს-მდე იარსება. 1010-29 წწ. ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ააგო სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი. მელქისედეკისვე ინიციატივით სვეტიცხოვლის გარშემო აიგო სხვა ნაგებობებიც.
სვეტიცხოველი იყო და არის სრულიად საქართველოს პატრიარქის რეზიდენცია. საუკუნეების მანძილზე იგი წარმოადგენდა ფეოდ-საეკლესიო სამფლობელოს და მეფე- დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი ყმა-მამული მიმოფანტული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სვეტიცხოველი იყო მცხეთაში გაჩაღებული სამეცნიერო, საგანმანათლებლო მუშაობის ცენტრი. ჰქონდა ძალზე მდიდარი ბიბლიოთეკა, ტაძარში იყო ქართველ მეფეთა და დიდებულთა საძვალე.
თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველს არაერთხელ დამუქრებია განადგურების საფრთხე 1283წ. ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა.